Fantasy Football Europe
 

30 ივნისი 2008 11:36 ესპანეთი ჩემპიონია
   ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს 1:0 სძლია და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
ლუის არაგონესის გუნდის ბიჭების წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ მათ მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.
ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში რუსეთს, შვედეთსა და საბერძნეთს აჯობა, ფინალამდე კი გზიდან იტალია და იგივე რუსეთი ჩამოიტოვა.
პირენეელთა უპირატესობა ევრო-2008-ს დასკვნით მატჩშიც აშკარა გახლდათ, როდესაც მათ გერმანიის ეროვნულ გუნდს პირწმინდად აჯობეს.
ალბათ, გულშემატკივარს იშვიათად ახსენდება ესოდენ მაღალ დონეზე გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთ-ერთ გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ შეექმნას.
ვენის ერნტს ჰაპელის სახელობის სტადიონზე შეკრებილი და ტელეეკრანებთან მიჯაჭვული მილიონობით გულშემატკივარი ამჯერად სწორედ ამგვარი იშვიათი მოვლენის მომსწრე გახდა.
გერმანელებმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყების წინ უმთავრეს ფავორიტებად მოიაზრებდნენ, შეუდარებელი იკერ კასილასი ერთხელაც ვერ შეაწუხეს და ვგონებთ, თამაშის შემდეგ გუდასაწყვეტიც ბევრი არაფერი ჰქონიათ.
აშკარად უფრო ტექნიკური ესპანეთის გუნდი ლიოვის სამწყსოს მთელი მატჩის განმავლობაში სჯობნიდა და ეს ცალკე აღებულ არაერთ ეპიზოდშიც აისახა.
პირველობის ბომბარდირ დავიდ ვილიას არყოფნაში, არაგონესმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ფერნანდო ტორესი გაამწესა, თუმცა, ამით ესპანელთა შეტევებს სიმწვავე ნამდვილად არ დაჰკლებია.
ინგლისური “ლივერპულის” თავდამსხმელი თანაგუნდელთა ლამის ყველა პასს იმორჩილებდა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანელი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა.
მოგვიანებით ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახალებული ტორესის დაუცხრომლობამ შედეგი მატჩის 33-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მან ლამი ხელის თითქმის დაუნახავი მოძრაობით უკან მოიტოვა, შემდეგ კი აშკარად დაუფიქრებლად გამოსულ ლემანსაც აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა.
ყველანაირი ლოგიკით, გოლის შემდეგ ლიოვის ბიჭებს უფრო აქტიური თამაში უნდა გაეჩაღებინათ, თუმცა, გერმანიას ამის ძალა არ აღმოაჩნდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ.
სწორედ ამ მომენტში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ “ფურია როხას” შუა ხაზი ალემანთა ნახევარდაცვას ერთი თავით სჯობნიდა.
ტრავმირებული ბალაკი საკუთარ თავს არ ჰგავდა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ.
ამ ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციური თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირდა. კვლავაც ჩინებულად გამოიყურებოდა “ვილიარეალის” ნახევარმცველი მარკოს სენა, რომელმაც ფინალშიც უდიდესი სამუშაო გასწია და პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ალბათ, ორიოდ სიტყვა მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსზეც უნდა ვთქვათ, ვინაც, საერთო ჯამში, ალბათ, საკუთართან შედარებით, მეტოქის საჯარიმოში უფრო ბევრი დრო დაჰყო და საკუთარი აქტიურობის წყალობით, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი ხიფათი შექმნა.
ის, რომ ესპანეთის უპირატესობა გაუსაჩივრებელი გახლდათ, დასკვნით ათ წუთში კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა.
იმ დროს, როდესაც ჩამორჩენილ გერმანიისგან ყველანი დასკვნით შტურმს ელოდნენ, ბურთს კვლავაც პირენეელები აკონტროლებდნენ და შეხვედრა ბოლომდე ისე მიიყვანეს, კასილასი ერთხელაც არ აუნერვიულებიათ.
ამგვარად, 44 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ტიტულს დანატრებულმა ესპანეთის ნაკრებმა სანატრელი ჯილდო მოიპოვა და მილიონობით გულშემატკივარს დაუვიწყარი სიხარული აჩუქა. 

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი. ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონი (ვენა, ავსტრია). 51 428 მაყურებელი.
გერმანია – ესპანეთი 0:1 (0:1)
გერმანია:
ლემანი, ფრიდრიხი, მერტესაკერი, მეცელდერი, ლამი (იანსენი, 46), ფრინგსი, ჰიცლშპერგერი (კურანი, 58), შვაინშტაიგერი, ბალაკი, პოდოლსკი, კლოზე (გომესი, 79).
მწვრთნელი: ლიოვი.
ესპანეთი: კასილასი, რამოსი, მარჩენა, პუიოლი, კაპდევილია, სენა, ინიესტა, ხავი, ფაბრეგასი (ალონსო, 63), სილვა (კასორლა, 66), ტორესი (გუიზა, 78).
მწვრთნელი: არაგონესი.
გოლი: ტორესი (33).
გაფრთხილება: ბალაკი (43), კასილასი (43), ტორესი (75), კურანი (88).
მსაჯი: როსეტი (იტალია).
კარში დარტყმა: 1:7; კარისკენ დარტყმა: 2:8; კუთხური: 4:7; თამაშგარე: 5:4; ჯარიმა: 21:19; გაფრთხილება: 2:2; გაძევება: 0:0; ბურთის ფლობა (%): 52:48;


30 ივნისი 2008 11:36 ესპანეთი ჩემპიონია


25 ივნისი 2008 16:35 გერმანია - თურქეთი







19 ივნისი 2008 19:54 ბარძალის გარეშე

19 ივნისი 2008 13:54

ყურადღება!