|
გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ
ლიოვმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქეთის ნაკრების
3:2 დამარცხების შემდეგ აღიარა, რომ მისმა გუნდმა, მეტოქეზე ნაკლები
საგოლე მომენტები შექმნა.
ამის შესახებ, ლიოვმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტურნირის ოფიციალურ საიტს განუცხადა.
“ვულაცოვ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას. ჩვენ ფინალში თამაშის უფლება
მოვიპოვეთ და ეს უკვე დიდი წარმატებაა. ნამდვილი ბრძოლა იყო და დრამატულ
შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით, უზომოდ ბედნიერები ვართ. ფეხბურთელები
ძალიან დაღლილები არიან, თურქებმა, ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან
ძლიერად ითამაშეს”, – თქვა იოახიმ ლიოვმა.
მან ისიც აღნიშნა, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი ორთაბრძოლა
დათმეს, თუმცა, ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე, მისმა გუნდმა გამარჯვება
მოიპოვა.
“საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ძალიან ბევრი
ორთაბრძოლა წავაგეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:2 გახდა, საკუთარი
ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ
დამატებითი დრო გარდაუვალი იყო, ჩვენ საკუთარი თავის გვჯეროდა. მე-3 გოლის
გატანისას, ლამაზი კომბინაცია გავითამაშეთ. იმდენი საგოლე მომენტი არ
გვქონია, რამდენიც პორტუგალიასთან, მაგრამ საკუთარი შანსები ეფექტურად
გამოვიყენეთ. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველას დავანახეთ,
რომ გმირობის მოხდენა ნებისმიერ დროს შეგვიძლია”, – განაცხადა ლიოვმა.
|