
დღევანდელ შეხვედრაში თურქი ფეხბურთელები შეეცდებიან პირველად ითამაშონ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გერმანელები, ამ მხრივ დიდი გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას ეშურებიან. გარდა იმისა, რომ გერმანიას ყველაზე მეტჯერ, სამჯერ აქვს ევროპის ჩემპიონატი მოგებული, მას ასევე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს ფინალში ნათამაშები. აქამდე, გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვედრიან და უპირატესობა, ბუნებრივია, გერმანიის ნაკრებს აქვს. გერმანელებმა 11 მატჩის მოგება მოახერხეს, ხოლო დარჩენილი ექვსიდან, სამი ფრედ ითამაშეს და სამი დათმეს. ბურთების შეფარდება კი თურქთათვის კატასტროფულია – 10-40. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ფინალურ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვთ რვა მატჩი ნათამაშები. მართალია, ამ მხრივაც უპირატესობა გერმანელებს აქვთ, მაგრამ 1983 წლიდან მოყოლებული, მათ ამ ტურნირზე თურქებისთვის არ მოუგიათ და მოგებას ვინ ჩივის, როდესაც გოლიც კი არ გაუტანიათ. უკანასკნელად, გუნდები ერთმანეთს 2005 წელს გაეჯიბრნენ ამხანაგურად. სტამბოლში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. გოლები კი იმ მატჩში ჰალილ ალტინტოპმა, ნური საჰინმა და ოლივერ ნოივილმა გაიტანეს.
გერმანელები დღევანდელ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. ერთადერთი დანაკლისი, შეიძლება იყო მერტეზაკერი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვს, მაგრამ ლიოვი მას, სავარაუდოდ, შემადგენლობაში მაინც დააყენებს. გუნდს უბრუნდებიან მარსელ იანსენი და დისკვალიფიკაციამოხდილი იოჰიმ ლიოვი. შემადგენლობის მხრივ, გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს თურქეთის ნაკრებს. მართალია, დისკვალიფიკაცია მოიხადა მეჰმეთ აურელიომ და გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ დისციპლინარული სასჯელის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ დემირელი, ემრე ასიკი, თუნჩაი და არდა თურანი. გარდა ამისა, თურქეთის ნაკრები მნიშვნელოვნად დააზარალა ტრავმებმაც. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ტრავმების გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ ემრე გიუნგერი, სერვეტ ჩეტინი, თუმერ მეტინი და ემრე ბელუზოღლუ, მათ რიგებს კი ნაკრების ლიდერი ნიჰათ კაჰვეჩიც დაემატა, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ფათიჰ თერიმის განკარგულებაში 14 ფეხბურთელი იმყოფება, რომელთაგანაც ორი მეკარეა და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დღეს, თურქების მესამე მეკარე თოლგა ზენგინი, უჩვეულო ამპლუაში ვიხილოთ მოედანზე. თერიმს ყველაზე დიდი პრობლემები დაცვის რგოლში აქვს, სადაც მის განაკრგულებაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი იმყოფება. ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომელმაც დღეს, შესაძლოა, ითამაშოს, არის ემრე ბელუზოღლუ. “ნიუკასლის” ნახევარმცველმა მსუბუქად ვარჯიში დაიწყო და მასთან დაკავშირებით, თურქების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებს თამაშის წინ მიიღებს.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ლემანი, ლამი, მეტცელდერი, მერტეზაკერი, ფრიტცი, ჰიცშპელგერი, ფრინგსი, ბალაკი, შვაინშტაიგერი, პოდოლსკი, კლოზე
მწვრთნელი: ლიოვი
თურქეთი: რუშთუ, გოხან ზანი, სარიოღლუ, ალტინტოპი, ბალთა, ტოპალი, აურელიო, ბორალი, კარადენიზი, შენთურქი, კაზიმი
მწვრთნელი: თერიმი